ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს
კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, კალაძეს ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არავის გაუკვირდება, თუ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურას დააყენებს.
„ორი თვეა, კახა კალაძეს წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. მართალია, კახა კალაძე გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ ჯერ ჩანს, რომ წლებია, მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, კალაძეს ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხით.
ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდატს ვერ ვხედავ, ზოგიერთი თითს იწევს, რომ მერობა უნდა, მაგრამ ვერ ვხედავ გამოკვეთილს. საერთო კანდიდატზე საუბარს არ ვაპირებთ, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი ოპოზიცია ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა, ჩვენთვის ყური დაეგდოთ, რადგან სწორ რამეს ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და იყოს აზელილ-დაზელილი ოპოზიცია. ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში დავასახელებთ, თუ ვიქნები, მე ვიქნები, თუ არადა, კანდიდატი არ გვეყოლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.