ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციაში ერთმანეთს ვლანძღავთ და დალეწილი ვართ, ამ მოცემულობაში კალაძეს არ გაუჭირდება გამარჯვება
ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დანგრეული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენ რას ვეუბნებოდით „ნაციონალურ მოძრაობს“ ხომ გახსოვთ, რასაც ახლაც ვახსენებთ? „ლელოს“ შეკრებებზე ვამბობდით ძალიან მარტივ რაღაცას, რასაც ვანგად, ან ნოსტრადამუსად ყოფნა არ უნდოდა, რადგან ძალიან მარტივი დასანახი იყო, პროცესი სად მიდიოდა და როგორ განვითარდებოდა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დაიწყო, „ლელოში“ ბოლოსაც ეს ვთქვით და წინა რამდენიმე შეხვედრაზეც, რომ მოლაპარაკებებიდან გამოვიტანოთ მაქსიმალური შედეგი, „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება წავგლიჯოთ, წავგლიჯოთ, შევიდეთ ეს 60 დეპუტატი თავაწეული, იქ ოქტომბრამდე ცეცხლი დავანთოთ, მანამდე საარჩევნო რეფორმა გავატაროთ, თვითმმართველობის არჩევნებზე ორგანიზებულად გავიდეთ, შევთანხმდეთ მერობის საერთო კანდიდატზე, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე და თბილისი მოვიგოთთქო, რაც სავსებით რეალური და შესაძლებელი იყო, რადგან თბილისი მაინც ოპოზიციურადაა განწყობილი ნებისმიერი მთავრობის მიმართ. ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ სანახევროდ დამარცხება და ჩვენ ამაში ვხედავდით გამარჯვების ფორმულას, მაგრამ სხვებს რევოლუცია მოუნდათ და ჩვენ აღარ გვინდოდა იმ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღესაც მოუმზადებელი მიდის არჩევნებზე.
„ოპოზიციას ვერანაირი საერთო კანდიდატი ვერ ეყოლება. ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს ვლანძღავთ და დალეწილი ვართ. ჩვენ უბრალოდ, გამოვრიცხავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ რამეზე ლაპარაკს. ჩვენ ჩვენი პარტიული გეგმები გვაქვს, მორჩა და გათავდა. ასე მივდივართ ახლა. მაინც ხომ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა, თავჩაღუნული შემოვიდნენ და ვართ ასე დალეწილ-დანგრეულები. იმიტომ, რომ ჭკუა და გამჭრიახობა არ ეყოთ. რომ ჰკითხო, დიდი ისტორიის პარტიაა, ქვეყანას მართავდნენ და ამის დანახვას რა უნდოდა?!“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ამ მოცემულობაში კახა კალაძეს გამარჯვება არანაირად არ გაუჭირდება.
„ამ მოცემულობაში კალაძეს არანაირად არ გაუჭირდება გამარჯვება. ეს პერსპექტივა სულ არ მეხატება გულზე, რადგან მას სელფის ჯოხით სიარულის მეტი ოთხი წელი არაფერი უკეთებია. ერთადერთი, უბრალოდ, ავტობუსები იყიდა და ისიც, ტრანსპორტის რეფორმა ამას არ ჰქვია. მანამდე, რაღაც სისულელეები აკეთა, გადაათეთრა ეს ტაქსები და არ მინდა, ყველა მანქანაზე ასე ვილაპარაკო, მაგრამ დანჟღრეული „ოპელ ვექტრა“ თეთრი იქნება თუ ჭრელი, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ასეა და დანგრეულები მივდივართ. არ ვიცი, 43%-ს აიღებს თუ არ აიღებს, ეს ახლა მარჩიელობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, „ოცნებამ“ იცის, რა გააკეთოს და თავისი დღის წესრიგი აქვს, ოპოზიციამ კი საერთოდ არ იცის, ვინ რა გააკეთოს. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი პარტიული ხედვები და გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.