ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია დაუკრეფავში ნუ გადავა, როგორც ჩანს, დღეს ძალიან ნერვიულობს, სიტყვა და ზღვარი გაექცა
მესმის, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს ნიკა მელიას, ასევე მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ვურჩევ, დაუკრეფავში ნუ გადავა და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმ ხალხში ნუ ავერევი. კარგად მიცნობს და იცის, რასაც ვეუბნები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ნიკა მელია ნერვიულობს და სიტყვა გაექცა.
„სწორედ მისი პარტიის მმართველობის შედეგად მიღებულია მართლმსაჯულების ეს სისტემა. ზოგ-ზოგიერთი ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ მოკალათებულა სადღაც და ჭკუას გვარიგებს მართლმსაჯულებაზე, მათი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს ვიმკით. თუ ადამიანისკენ ნაბიჯს ვდგამ, ასე ნუ დამელაპარაკებიან, თორემ, ძალიან კარგად ვიცი პასუხის გაცემა. ნიკა მელია დაუკრეფავში ნუ გადავა. როგორც ჩანს, დღეს ძალიან ნერვიულობს, ზედმეტები მოუვიდა, სიტყვა და ზღვარი გაექცა. დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაიხსენოს, ალეკო ელისაშვილი ვარ და ვიღაცებში ნუ ავერევი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს, რაზეც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება. „ალეკო ელისაშვილო, ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.