ალეკო ელისაშვილი - ნედ პრაისი საუბრობს დეპარტამენტის სახელით, როგორც ჩანს, აშშ-ში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ
ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადება.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ნედ პრაისი აღნიშნავს: „ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ნედ პრაისი განცხადება მოსალოდნელი იყო.
„ნედ პრაისი, როგორც კერძო პირი, თავის სათქმელს კი არ ლაპარაკობს, ის დეპარტამენტის სახელით საუბრობს. ეს განცხადება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისე შეაჩვიეს ენა და ისე შეულაზღანდარდნენ ამერიკის მთავრობასა და ევროკავშირს, სულ ვამბობდი, იქიდან რეაქცია წამოვიდოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არათუ ცეცხლს ეთამაშებოდა, არამედ ცეცხლში ჰქონდა ხელები ჩაყოფილი და ვერ ხვდებოდა, როგორ აზიანებდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, როცა ასეთი აგდებული და ლაზღანდარული ტონით საუბრობდა. ჯერ ოთხკაციანი მოძრაობა გააკეთეს, შემდეგ ცხრაკაციანი გახდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და როგორც ჩანს, ეს ახლა გვიბრუნდება.
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ. იმედს დავიტოვებდი, რომ ნედ პრაისის ამ კრიტიკული განცხადების შემდეგ ქმედებები არ იქნება, რათა ქართული სახელმწიფო არ დაზიანდეს. ვისურვებდი, „ქართული ოცნება“ ახლა მაინც მოეგოს გონს. კბილები იმისთვის არსებობს, რომ არა მხოლოდ ჭამაში დაგეხმაროს, არამედ ხანდახან ენას დააჭირო და სისულელეები არ წამოროშო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.