ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაზა სარალიძე მძევლად აიყვანა, მის ტრაგედიას იყენებს, რათა რევოლუცია მოაწყოს
მინდოდა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დახსნა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა, მის ტკივილს და ტრაგედიას აშკარად იყენებს იმისთვის, რომ რევოლუცია დაიწყოს და მოაწყოს, – ეს განცხადება ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა.
ელისაშვილი სარალიძეს ვერ შეხვდა, ვინაიდან სარალიძე ამ წუთებში რუსთაველზე არ იმყოფება და ელისაშვილის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონიც ამ დროისთვის გამორთულია.
როგორც ელისაშვილი ამბობს, სარალიძეს ამ დღეების განმავლობაშიც მოუწოდებდა, გვერდიდან ჩამოეშორებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ზვიად კუპრავაც, რადგან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადამიანის გულწრფელ ტრაგედიასა და ტკივილს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის იყენებენ.
„ჩემი აზრით, ეს არის დაუშვებელი და ძალიან დიდი უსინდისობა. რეალურად მთლიანად გაიფანტება ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. თუკი რაიმე ჭკუა აქვთ „ქართულ ოცნებაში“, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო – „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე და არავინ სხვა. ტვინს აურევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს, მაგრამ ეხ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დასრულდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.