ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ, ეს არის ბოიკოტი? ტელევიზიებში ბაქიბუქისთვის ხომ სცალიათ
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ, ეს არის ბოიკოტი? ტელევიზიებში ბაქიბუქისთვის ხომ სცალიათ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მოსაზრებით, საპარლამენტო ოპოზიციას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტის შეჩერების ბერკეტები აქვს, თუმცა ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი აფერხებს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში კომიტეტების სხდომის წინ მიდიან, ოქმს ხელს აწერენ, რათა ხელფასი არ დაექვითოთ.

ელისაშვილის შეფასებით, ეს ხალხის შეუარცხყოფაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რითია დაკავებული? ძალიან უხერხულია, რასაც აკეთებენ. რა საპარლამენტო ბოიკოტში არიან? – პარლამენტში მუშაობა ეზარებათ. კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ და გარბიან. რატომ აწერენ ხელს? იმიტომ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ. ეს არის ბოიკოტი? ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, მათი ფულის ფლანგვა. თუ ხელფასი გინდა, კეთილი ინებე და შემობრძანდი, იმუშავე. ტელევიზიებში სიარულისთვის და ბაქიბუქისთვის ხომ სცალიათ? უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

პარლამენტში ოპოზიციის ხელში ბევრი ბერკეტია, მაგრამ სად არის ოპოზიცია? „ნაციონალური მოძრაობის“ ორი გენერალი თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოდის, ხელს აწერენ და ოროსანი ბავშვებივით იპარებიან. უხერხული არ არის, ამხელა ხალხი ასე რომ იქცევა? რაღაც რომ არ მოგვწონს, იმის გაჩერება შეგვიძლია. სად არიან? ხელფასის ხელმოსაწერად ხომ არიან მზად? ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ სად არიან? 5 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ყველამ მოვაწერეთ, მაგრამ ეს საკითხი ჩავარდა, რადგან თავად მხარი არ დაუჭირეს. მთელმა ოპოზიციამ სუსი-ს ფაილებზე სხდომის მოწვევა მოვითხოვეთ, ეს საკითხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააგდო. „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოროტი ძალისხმევა და მავნებლობაა, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტზე აკეთებს, მაგრამ ოპოზიციაშიც არის პრობლემა, რადგან ამ პროცესის გაჩერება შეგვეძლო“, – განაცხადა ელისაშვილმა.