ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ძალიან უპასუხისმგებლოა
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამნისტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი ლიდერისთვის კეთდება და მელია კანონს მიღმა ვერ დადგება.
ელისაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის სიკეთეებით ისარგებლა და თან ამბობს, რომ ამნისტია არ სურს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით არის ძალიან უპასუხისმგებლო. ეს ამნისტია კეთდება მათი ლიდერისთვის და მათთვის. მათ ისარგებლეს უკვე ამ სიკეთეებით, რაც შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია. თან ამ სიკეთეებით სარგებლობდე და თან იძახდე, არ მინდა, არ მინდაო, არის უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი. მელია კანონს მიღმა ხომ ვერ დადგება, ზურგით ხომ ვერ დადგება კანონთან“, – განაცხადა ელისაშვილმა.