ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას ფაფხურობს და სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და გაძლიერებაში ეხმარება
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ კანდიდატს არ აქვს მოგების შანსი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებში ვერავინ ვერ დავინახე, მათ შორის ვერც ნიკა მელია. ვერ დავინახე ვერც ერთი ისეთი კანდიდატი, რომელიც მოიგებს. ეს იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყოფნის ჭკუა, რომ რაღაცებს ნორმალურად შეხედოს. ამიტომაც კიდევ ერთხელ წააგებენ და არ ვიცი, ალბათ მეთექვსმეტე არჩევნები იქნება 2012 წლის შემდეგ, რასაც წააგებენ. ვითომ რაღაცას ფაფხურობენ და სინამდვილეში, ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და გაძლიერებაში“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ანზორ მელიაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატია.
„მერე რა, რომ მამა კანდიდატია. მთელი დინასტიები იყვნენ, ევროპულ დემოკრატიაშიც და შეერთებულ შტატებშიც, როდესაც მამის შემდეგ შვილი ხდებოდა ხოლმე აქტიური პოლიტიკოსი და პრეზიდენტიც. ანზორ მელია პოპულარული კაცია, მაგრამ ყველასადმი პატივისცემის მოუხედავად, მე ასე ვუყურებ ხოლმე საკითხებს – დასახელებული კანდიდატები ერთი მხრიდან, თუ მეორე მხრიდან, ერკვევიან თუ არა კონკრეტული ქალაქების პრობლემებში. იმის არ იყოს, 20 წლის ბავშვი რომ დაასახელეს თბილისის ვიცე-მერად. ასაკში არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რამდენად ესმის ქალაქის პრობლემები, რომ მოაგვაროს. რას ვირჩევთ? მერებს თუ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ იმ ქალაქებზე და თვითმმართველ ერთეულზე, რომელზეც ასახელებენ, მაშინ ბასტი-ბუბუ ხო არ არის? ჩვენთან, სამწუხაროდ, ბასტი-ბუბუს ემსგავსება ეს ყველაფერი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.