ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლია. ელისაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილს დღეს აქვს ერთადერთი ფუნქცია, დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“.
„ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ, ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის საქართველოს მთავრობასთან თანაცხოვრებას“ ორი მიზეზი აქვს – პუტინის შიში და ოპოზიციის პასიურობა.