ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ სხდომაზე არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა, ცუდია, რომ ორი პარტიის კინკლაობას უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციები არ მოაწყოს, რის გამოც არ სურს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის გამართვა.
როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა.
„ქართულ ოცნებას“ არ სურდა, რადგან ეშინიათ, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციას მოგვიწყობსო. ძალიან ცუდია, რომ ამ ორი პარტიის კინკლაობას უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი. ეს არის გულდასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა. ხომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სახელმწიფოებრივად რაც სწორია, ერთად უნდა ვაკეთოთ. ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ქვეყანა ხომ გვიყვარს? უნდა მივეჩვიოთ, რომ რაც სახელმწიფოსთვის არის სწორი, ის გავაკეთოთ. არავინ ამბობს, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ და თავდასხმა დავიწყოთ. რაღაც მოზომილი, მაგრამ ერთობლივი მაინც გვეთქვა. დღეს სხდომა უნდა გამართულიყო. ჩვენი ძმები, ყველაზე დიდი მოკავშირეები იბომბებიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გაჭირვების ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდით იყვნენ. არავინ გვთხოვს, ჩავიდეთ და მათთან ერთად ვიომოთ, თუმცა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ერთი სხდომა ვერ გავმართეთ და ეს არის სირცხვილი „ქართული ოცნების“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და განმარტა მიზეზები, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.