ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიანაც უნდა, რაღაც კრიზისი კიდევ შექმნას, მაგრამ ვერანაირი რევოლუციური აღტკინება ვერ იქნება
ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ხალხი აძლევს ხმას, პოლარიზაციის დასრულებამდე შორია, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, როდის უნდა ველოდოთ პოლარიზაციის დასრულებას.
„სამწუხაროდ, ეს არის ძალა, რომელიც ძალიან დესტრუქციულია და, რომლის ლიდერსაც ერთადერთი, რაც უნდა, ძალაუფლების სწრაფად დაბრუნებაა. ეს იმისთვის კი არ უნდა, რომ რაღაც რეფორმები გაატაროს, არამედ იმისთვის, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მას ნებისმიერ ფასად უნდა ძალაუფლების დაბრუნება. ეს არის პრობლემა და ასეთ პარტიას რომ ბევრი უჭერს მხარს, პოლარიზაცია მარტივად არ დასრულდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მართალია, პოლარიზაცია მარტივად ვერ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად დასრულდა მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პირობების შესრულება დაიწყო.
„ვგულისხმობ გიორგი რურუას გამოშვებას, რადგან ფაქტია, მხარეებს შორის ნდობის პრობლემაა და ასეთი ნაბიჯები ნდობის შექმნას უწყობს ხელს. ასე რომ, კრიზისი დასრულდა. ახლა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიანაც უნდა, იქნებ, რაღაც კრიზისი კიდევ შექმნას, მაგრამ დავაკვირდეთ მოვლენებს – კრიზისმა გადაიარა, ვერანაირი რევოლუციური აღტკინება ვერ იქნება და არც უნდა იყოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.