ალეკო ელისაშვილი - მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი ნიკა მელიას გირაოსთვის გადავრიცხო
პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობდნენ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ხელფასიდან მელიას გირაოსთვის თანხა გადარიცხოს.
„მე ამ კომიტეტის წევრი არ ვარ. უბრალოდ, მაინტერესებდა განწყობა, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ასევე პროკურორის. გასაგებია, რომ ისინი აპირებენ, დააკმაყოფილონ პროკურორის მოთხოვნა და უფლებამოსილება შეუჩერონ ნიკა მელიას. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ არის სწორი, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, ვინც უნდა იყოს, როგორც არ უნდა გულზე გეხატებოდეს, როგორც არ უნდა მოგწონდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური. რაც შეეხება ნიკას, ამას წინათ ეთერში მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილად, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია, 30 000 ლარი, ზედმეტი ორჯერ 30 000 ლარი არავის აქვს, მეც არ მაქვს, მით უმეტეს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, აქ ხელფასი ჯერ არ ჩამრიცხვია და მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავრციხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რამდენია, მაგრამ მე, ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე მეხატება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
ელისაშვილის თქმით, პროკურორისგან უნდა მოდიოდეს დამაჯერებლობა და მტკიცე არგუმენტები.
„დღეს რასაც ვლაპარაკობ და რასაც ყველანი განვიცდით, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და იმას, რომ აბსურდული ბრალია წარდგენილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემის შედეგი და ეს კაცი აქ, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს. „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა და უბედურება ის არის, რომ მთელი ის მართლმსაჯულება დატოვა, მურუსიძეები დატოვა სასამართლოში და მთელი შემადგენლობა, 95% პროკურორების დატოვა. ეს არის ჩემი მთავარი სასაყვედურო „ქართული ოცნებისადმი“ და ამ შედეგებს ვიმკით. თუ გვინდა, ეს გამოვასწოროთ, ციხიდან ეს არ გამოსწორდება, გამორიცხულია. ამიტომ ვამბობ, უკეთესი იქნება რომ ნიკა მელიას არ შევუჩეროთ უფლებამოსილება.
სახალხო დამცველი მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ ნორმალური არ არის, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ან თავმჯდომარეს პარლამენტი უხსნის იმუნიტეტს. პირველ რიგში იმუნიტეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაცვის მექანიზმია და როცა ამ მექანიზმს სპობ და აშორებ, ესეი იგი ებრძვი ოპოზიციას. შესაბამისად, ეს ვერ იქნება ვერანაირ შემთხვევაში ნორმალური. პროკურორს ვუსმენდი და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორც ლაპარაკობდნენ პროკურორები, აი, ერთი ერთში იყო იმის განსახიერება, არ იყო დამაჯერებელი. რაღაც იურიდიულ ტერმინებს მიედ-მოედებოდა იმისთვის, რომ უბრალოდ, დრო გაეყვანა და ხალხი დაებნია. პროკურორისგან უნდა მოდიოდეს დამაჯერებლობა და მტკიცე არგუმენტები. აქ იყო რაღაც ღობე-ყორეს მოდებული გაუგებარი იურიდიული ტერმინები. ადვოკატები კომიტეტის სხდომას რომ დასწრებოდნენ, იქნებოდა ძალიან კარგი“, – განაცხადა ელისაშვილმა.