ალეკო ელისაშვილი - მთელი მსოფლიო ცდილობდა, 21-ე საუკუნის თემურ-ლენგი გაეჩერებინა, ვერავინ შეძლო მისი გადარწმუნება, უკრაინას გამძლეობას, სიმტკიცეს ვუსურვებ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინას გამძლეობას, სიმტკიცეს უსურვებს.
მისივე თქმით, ქართული მხარე უკრაინის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს და შესაძლებლობების ფარგლებში, თანადგომა, დახმარება გაუწიოს.
„აქამდე ვამბობდით, ღმერთმა დაიფაროს, ნეტა ასე არ მოხდეს. ჩვენც ვამბობდით და მთელი მსოფლიო ცდილობდა, რომ თავზეხელაღებული 21-ე საუკუნის თემურ-ლენგი გაეჩერებინათ. ვერავინ შეძლო მისი ვერც დარწმუნება, ვერც გადარწმუნება, ვერც გაჩერება. რუსებს ერთადერთი რამ ესმით, ესაა ბევრი განადგურებული რუსული თვითმფრინავი, ბევრი დამწვარი რუსული ტანკი და ჯავშანტექნიკა, და უკრაინის ტერიტორიაზე დახოცილი ბევრი რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი. უკრაინას ვუსურვებ გამძლეობას, სიმტკიცეს. უკრაინის როგორც პრეზიდენტს ასევე შეიარაღებულ ძალებს ვუსურვებ სწორედ ეს გაეკეთებინოს, გაენადგურებინოს ბევრი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინს მარტო ეს ესმის. არც დიპლომატიის ენა ესმის, ცხვირში რომ მოხვდება მუშტი და კარგი იქნება თუ ეს უკრაინული მუშტი იქნება, ეს ესმის მხოლოდ.
მთელმა მსოფლიომ ამ ხნის მანძილზე ვერ გაიგო, რომ ადამიანი ვერ ძღებოდა ვერც აფხაზეთით, ვერც სამაჩაბლოთი, ელოლიავებოდნენ, ენას უჩლექდნენ და მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად სოლიდარული. ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, რესურსები ძალიან მწირია, ჩვენც ოკუპირებული ვართ. ამის მიუხედავად, ერთი ცალი ტყვიის გაგზავნა თუ შეგვიძლია, ერთი განცხადება თუ საჭიროა, არ უნდა დაგვზარდეს. რიგგარეშე სხდომა იქნება ჩასატარებელი? – უნდა ჩავატაროთ, რეზოლუცია იქნება მისაღები? – უნდა მივიღოთ. უშიშროების საბჭო აქამდე რატომ არ გაიმართა, მიკვირს, საფრთხეს ვერ ხედავს პრემიერი? აფხაზეთი და სამაჩაბლოც მოყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში, სადღაც გადასაკარგავში ხომ არაა, აქ არიან. პირველი კვირა იქნება ყველაზე რთული და ვისურვებდი მტკიცედ დადგნენ. თუ დაეცა კიევი, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგი ჩვენ კი არ ვართ, ჩვენ უკვე დიდი ხანია, რიგის თავში ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.