ალეკო ელისაშვილი - ვწუხვარ, რომ დანარჩენი ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს, ყველას რომ დაესვა ის კითხვა, რაც გვაწუხებს, უკეთ დავინახავდით, რომელი იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით ნდობა არავის დაუმსახურებია და ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს.
მისივე შეფასებით, კარგი იქნებოდა დანარჩენ ოპოზიციასაც მიეღო პროცესში მონაწილეობა და მოსამართლეებისთვის კითხვები დაესვათ.
„ჯერჯერობით, დიდი ნდობა არავის დაუმსახურებია, განსაკუთრებით გუშინ ერთი კანდიდატი იყო, ბატონი თევზაძე, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საერთოდ არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, სხვები ვნახოთ, შთაბეჭდილება არავის არ მოუხდენია, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს, ვითომ კლანი არ არსებობს და დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვს. რომ მეთქვა, ეს არის პრინციპული, მტკიცე, ჩამოყალიბებული მოსამართლე, ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. არც წინასწარი განწყობა გვაქვს, რომ მხარი არავის დავუჭიროთ და არც ის, რომ ვინმეს მხარი დავუჭიროთ, ვინ რა შთაბეჭდილებას დატოვებს, იმის მიხედვით.
წუხილს გამოვთქვამ იმის გამო, რომ დანარჩენი ოპოზიცია არ არის, ყველას რომ დაესვა ის კითხვა, რაც ხალხში არის, რაც გვაწუხებს, უკეთესი იქნებოდა, უკეთ დავინახავდით, რომელი მოსამართლე იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, რატომ აარიდეს თავი ამას, არ ვიცი. სწორი იქნებოდა ამ პროცესის გაჩერება, რომ არ ყოფილიყო კანდიდატების განხილვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ გავაჩერეთ ეს პროცესი, რა სჯობს, ზურგი ვაქციოთ, გავიბუტოთ და „ოცნებას“ დავუტოვოთ საჟღურტულოდ ეს კანდიდატები, თუ მწვავე კითხვები დავუსვათ?
შეგვეძლო, ეს პროცესი გაცილებით მწვავე გაგვეხადა. თავს ნუ მოვიტყუებთ, მხარს თუ დაუჭერს „ოცნება“, ლეგიტიმაციაც იქნება და დაინიშნება კიდეც, ალტერნატიულ სასამართლოს ვერ გავაკეთებთ, „ოცნებისგან“ გაცილებით ტკბილ და დაშაქრულ კითხვებს ველოდი, მაგრამ ალაგ-ალაგ არის მწვავე კითხვებიც, არ მინდა, თავი მოვიტყუო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რამდენიმე კანდიდატით ისეთივე აღშფოთებულები უნდა იყვნენ, როგორც სხვები. შეგვეძლო, ეს პროცესი გაცილებით მწვავე გაგვეხადა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.