ალეკო ელისაშვილი - ელჩების შეხვედრაში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რათა კონფერენციაზე სკამი სწორად მდგარიყო და საკითხი სალაპარაკო არ გამხდარიყო
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არა ინსტიტუციურად, არამედ დაბოღმილისა და ღვარძლიანის პოზიციიდან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა.
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, ვხედავთ, როგორ უხერხულად იქცევა ხელისუფლება პრეზიდენტთან მიმართებით. მაგალითად, გვახსოვს, როცა საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა, პრეზიდენტი საერთოდ საქმის კურსში არ იყო. ეს ინციდენტი არის ფაქტი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში არა სახელმწიფოებრივი პოზიციით, არამედ ვიწროპარტიული ინტერესით ხელმძღვანელობს.
გუშინდელი ინციდენტიც სწორედ ამის გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არა ინსტიტუციურად, არამედ დაბოღმილისა და ღვარძლიანის პოზიციიდან – არ მოვიწვიოთ, სკამი არ დავუდგათ. ეს ხელისუფლების უშნო საქციელია. მნიშვნელოვანი იყო, ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტს, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმართველია. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ სკამი სწორად მდგარიყო და საკითხი სალაპარაკო არ გამხდარიყო. მთავრობამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას, ყველაფერი გააკეთოს ჯეროვნად და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, სკამი გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო. საბავშვო ბაღია და სხვა არაფერი, რასაც დროდადრო „ქართული ოცნება“ ავლენს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, „ელჩების კონფერენცია 2022“ გაიმართა. კონფერენცია გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. შემდეგ ელჩებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. კონფერენციას არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული, დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა დაუშვებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამგვარი დარღვევა იყო ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, რაც ღონისძიების მასპინძლის მხრიდან პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში გამოიხატა. საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით კი, ყველაფერი მზად იყო, რათა პრეზიდენტი საგარეო უწყებაში მისულიყო და დიპლომატებისთვის მიემართა.