ალეკო ელისაშვილი - მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს, სანქციები ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღატაკის უფსკრულში
ალეკო ელისაშვილი - მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს, სანქციები ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღატაკის უფსკრულში

არ მინდა, სანქციებამდე მივიდეს საქმე, რადგან სანქციები ქვეყანას დააზარალებს და საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და მერე იქნება სანქცირებული ქვეყანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით“.

ელისაშვილის თქმით, სანქციები ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბისა და სიღატაკის უფსკრულში.

„არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, რადგან სანქციები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხომ არ დააზარალებს? – ქვეყანას დააზარალებს და საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბისა და სიღატაკის უფსკრულში. სათოფეზე ისედაც არავინ გვეკარება და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძვინვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და მთელი დღის განმავლობაში გამქრალი იყო ხელისუფლება. ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, მაგრამ მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერები კი არ მენანება, ქვეყანა მენანება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.