ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნელსონ მანდელობას, ევროკავშირმა უბრალოდ, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა
ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნელსონ მანდელობას, ევროკავშირმა უბრალოდ, გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა

ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

გირაო გადახდილია და მელიას ციხიდან გამოუშვებენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით და რაც ერთადერთი ადეკვატური გზა იყო მისი ციხიდან გამოსასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ. სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა. ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შემოკრებილ პატარ-პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ. სინამდვილეში, ეს ფურცელი დასახურია და ევროკავშირის გირაოთი ამდენ ხანს უნდა გამოსულიყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

„რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა. ამდენი ხნის განმავლობაში ხომ ვამბობდი, რომ ყველას უნდა შემოსვლა, ყველა გზებს ეძებს და ყველა შემოვა-მეთქი. ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი და იქაც ვიცი, ბევრს ერთი სული აქვს, პარლამენტში შემოვიდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად სახე შეუნარჩუნონ, რადგან მიხვდნენ, რომ ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია. მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. შესაბამისად, ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა. მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ გაჯიუტებული და ძალიან უცნაური ხალხი. არა მარტო შეთანხმებაში დაგვეხმარნენ, არამედ იმ შეთანხმების განხორციელებაშიც გვეხმარებიან. არც პოლიტპატიმრად აცხადებენ ვიღაცას და არც სინდისის პატიმრად“, – აღნიშნა ელისაშვილმა.