ალეკო ელისაშვილი - მადლობა კახა კუჭავას, რომელთანაც ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც შეეძლო მშვიდად საუბარი, მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს, ვუსურვებ, ასევე იყო ყველას თავმჯდომარე
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კუჭავამ შეძლო, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ სრულად პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო.
ელისაშვილის თქმით, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეეძლო კახა კუჭავასთან მშვიდად საუბარი, რაც სჭირდება ქვეყანას, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში.
„პირველ რიგში, მეც, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ სახელით მადლობას ვეტყვი კახა კუჭავას. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რომ ნელ-ნელა ვამკვიდრებთ ამ კულტურას, რომ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნა ერთმანეთის სიძულვილს და ზიზღს არ უნდა ნიშნავდეს. სასიამოვნოა, რომ ოპოზიციიდან ისმის ყოფილი თავმჯდომარის ქება. მართალია, გაუგებარია, რატომ წავიდა კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან მან შეძლო, რომ იყო ყველას თავმჯდომარე და იყო სრულად პარლამენტის თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის, „ქართული ოცნების“. ნებისმიერს, ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც კი შეეძლო მასთან მშვიდად, წყნარად საუბარი, ჩემი აზრით, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, განსაკუთრებით ამ ვითარებაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილის განმარტებით, პარტია „მოქალაქეები“ მხარს უჭერენ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, არასდროს არ ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს. მე მაქვს პირადად მასთან განათლების კომიტეტში მუშაობის გამოცდილება, ეს იყო ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება. ლევან იოსელიანს აქვს ასევე საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში იყო ძალიან უსიამო ინციდენტი შალვას მონაწილეობით. უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის, ვუსურვებდი შალვას, რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ, რომ ასევე იყო ყველას თავმჯდომარე, ოპოზიციას მოესვლებოდეს, არ იყოს ჩარაზული კარი ოპიზიციისთვის შენს კაბინეტში და შეიქმნას საქმიანი სივრცე აქ, პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და ქვეყნის პრობლემებზე, არ მოვისმენთ მხოლოდ იმას, რასაც აქამდე ვისმენდით – ურთიერთბრალდებებს და ჩხუბს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.