ალეკო ელისაშვილი - „ლელოს“ წარმომადგენლებმა იდეა პრესკონფერენციიდან კი არ უნდა გაგვაგებინონ, კეთილი ინებონ, დაეშვან მიწაზე და კოლეგიალურად აგვიხსნან, რა უნდათ
„ლელოს“ წარმომადგენლებს რჩევა რამდენჯერმე მივეცი, რომ რაღაც უადგილო ამპარტავნებას მოეშვან. თუ რაიმე იდეა აქვთ, პრესკონფერენციიდან კი არ უნდა გაგვაგებინონ, კეთილი ინებონ, ზეციდან დაეშვან მიწაზე და კოლეგიალურად აგვიხსნან, რა უნდათ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე სამყაროში არაფერი აღარ წარმოუდგენია, მათ შორის კოალიციაც.
„ლელო“ წარმომადგენლებს რჩევა რამდენჯერმე მივეცი, რომ რაღაც უადგილო ამპარტავნებას მოეშვან. თუ რაიმე იდეა აქვთ, პრესკონფერენციიდან კი არ უნდა გაგვაგებინონ, რაშიც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, კეთილი ინებონ, ზეციდან დაეშვან მიწაზე და კოლეგიალურად აგვიხსნან, რა უნდათ. პრესკონფერენციიდან რაღაცას რომ გადმოგვძახებენ, რა პასუხს მიიღებენ? როგორც ჩანს, „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არაფერი აღარ წარმოუდგენია სამყაროში, მათ შორის კოალიციაც. სტიგმა აქვთ, უნდათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დადიოდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.
„ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი გამორიცხულია. მათი მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება. ის ჰგონიათ კიდევ, რაღაცას რომ იტყვიან, ბედნიერებისგან ავჭყლოპინდებით და დავეთანხმებით, ნურას უკაცრავად, ზეციდან ჩამოვიდნენ, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.