ალეკო ელისაშვილი - კრიზისი უნდა განიმუხტოს, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ
ალეკო ელისაშვილი - კრიზისი უნდა განიმუხტოს, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოპოზიციონერებს უფლებამოსილება არ შეუწყდათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, კრიზისი უნდა განიმუხტოს, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.

„უფლებამოსილება რომ შეეწყვიტათ, ეს მოლაპარაკება დასრულდებოდა და ჩიხი გაგრძელდებოდა. ეს არის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ახლა ოპოზიციამ უნდა გაბედოს. ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავბრუნდეთო. სწორია, უნდა გაგრძელდეს და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. რაზეც გვსაყვედურობენ, რომ მემორანდუმში ვერ მოვახვედრეთ, საარჩევნო სისტემაზე თავად მოინდომონ, ჩვენზე გაცილებით მეტნი არიან და 1-ელ მარტიდან გავიტანოთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ ბარიერის დაწევას სჭირდება, ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის, თუ ბარიერი არ დაიწევს. ორპოლუსიანობა გაგრძელდება, ეს დაპირისპირება, რაც ქვეყნისთვის ცუდი იქნება. ქვეყანაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხომ არ აქვს? – ჩვენც გვაქვს. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პუნქტია იმ მემორანდუმში, ამ საკითხზე ერთი დღით მაინც შემოვიდნენ. მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, მათ განცხადებაზე ითქმის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სათითაოდ განიხილა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადება, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომას 90 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხს არც ერთი მომხრე არ ჰყავდა, ხოლო ძირითადად, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.