ალეკო ელისაშვილი - კომპრომისი ნიშნავს დათმობას და არა იმას, რომ შენი ბოლომდე გაიტანო, როგორც ჩანს, ბევრმა ეს ვერ გაითავისა
პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ქვეყანა რომ უყვარდეთ და ხალხი ადარდებდეთ, გუშინ შეთანხმება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, კომპრომისისთვის მზადყოფნა რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა.
კომპრომისის გულწრფელი მზადყოფნა და სურვილი რომ ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, შევთანხმებულიყავით. არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ იყო, მაგრამ როცა არ გინდა, რაღაცაზე შეთანხმდე, თავსაც იტყუებ, უცხოელებსაც და ქვეყანასაც. ამასობაში, თითქმის სამ-ნახევარი გახადეს ლარი დოლართან მიმართებაში და ფასები გაფრინდა. ამ დროს ზიხარ და ფეხს არაფერს უცვლი. კომპრომისი ნიშნავს დათმობას და არა იმას, რომ შენი ბოლომდე გაიტანო. როგორც ჩანს, ბევრმა ეს ვერ გაითავისა. ამიტომ არის, რომ ეს ქვეყანა ასეთ დღეშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე: „ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმით რა დაკარგა ოპოზიციამ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, პროცესები უფრო დინამიკური და ცოცხალი გახდებოდა.
„პროცესები უფრო დინამიკური და ცოცხალი გახდებოდა, რადგან წამყვან კომიტეტებზეცაა საუბარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი, იურიდიული კომიტეტის, ეს ხომ წამყვანი კომიტეტებია? წარმოიდგინეთ, როგორი ცოცხალი და დინამიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხუთ კომიტეტს ჩაუდგებოდა სათავეში ოპოზიციონერი. პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო ჩვენნაირი მოწყობის ქვეყანაში და ამ პარლამენტში რომ ხუთ კომიტეტს, მათ შორის ორ წამყვან კომიტეტს ოპოზიციონერი ხელმძღვანელობს, თუ მართლა საქმის კეთება გინდა, დინამიკური და სერიოზული გახდებოდა პარლამენტი. ამ ეტაპზე ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციამაც შანსი გაუშვა და ქვეყანამაც, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნობოდეს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას მეტი ბერკეტები ექნებოდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.