ალეკო ელისაშვილი - ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ნათელს გავხდიდი, ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს
ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს, კითხვა არის იქ, სადაც რაღაც დახურული და დამალულია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავად რუსულ ფულს ხელს ვერ მოკიდებდა, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ის.
„რაც უფრო რამეს არ ასაჯაროვებ, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. კითხვა არის იქ, სადაც რაღაც დახურული და დამალულია. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს. მე წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები მყავდა. არც სოლიკო ვირსალაძე მყავდა წინაპარი და არც ფული დამრჩენია. ერთი ბაბუა ბორჯომის ხეობაში შეშას ჭრიდა და ყიდდა. არც მისგან დამრჩენია რაიმე. სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ ფულს ხელს ვერ მოვკიდებდი, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს. ელენე ხოშტარია არის პოლიტიკოსი და არჩევნებზე ვნახავთ, ხალხმა რა როგორ აღიქვა. ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიას მოუწოდა, „გაასაჯაროოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“.