ალეკო ელისაშვილი - ხალხის რეალურ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად, მოვისმინეთ უსაგნო კამათი, თავს ვიმშვიდებ, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით პასუხი მივიღე
დღევანდელ დღეს თუ ორად გავყოფთ, პირველი იყო კარგი, როდესაც საარჩევნო ცვლილებები მივიღეთ მეორე მოსმენით. ხოლო დღის მეორე ნახევარი აბსოლუტურად კატასტროფა, – ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში ანგარიშის, ასევე ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა, დეპუტატების კითხვები და საპასუხო განცხადებები.
მისი თქმით, სხდომაზე ხალხის რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს უსაგნოდ ეკამათებოდნენ.
„ეს იყო წყლის ნაყვა, ზიზღი, სიძულვილის ფოიერვერკი და უსაგნო რაღაც კამათი ორივე მხრიდან. შენი ცხრა წელი, შენი ცხრა წელი, შენი ფარცხალაძე, შენი კეზერაშვილი. კატასტროფა იყო. იმის მაგივრად, რომ გველაპარაკა ხალხის რეალურ პრობლემებზე, რეალურ გასაჭირზე და იმაზე, რა ეშველება ამ საცოდავ, გაღატაკებულ ქვეყანას. კიდევ კარგი, რაღაცები ჩავაკვეხეთ რამდენიმე დეპუტატმა. მაგალითად, თავს ვიმშვიდებ, რომ პენსიონერებთან დაკავშირებით მივიღე პასუხი, რომ დროზე შეიქმნება სატენდერო კომისია. კიდევ კარგი, მივიღეთ პასუხი, რომ ვეტერანების დახმარება გაიზრდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან. კიდევ კარგი, რაღაცები ძლივს გამოვგლიჯეთ ღარიბაშვილს. დანარჩენი იყო სულ ზიზღი, სიძულვილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.