ალეკო ელისაშვილი - კატეგორიულად ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს, ამ თემის წამოწევა მავნებლობაა
ალეკო ელისაშვილი - კატეგორიულად ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს, ამ თემის წამოწევა მავნებლობაა

კატეგორიულად ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ. ამ თემის წამოწევა მავნებლობაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მიდიოდა, რათა ევროპელი ლიდერებისთვის ეთქვა, რატომ სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„სამწუხაროდ, ეჭვი აღარ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და იმისთვის, რომ არ მივიღოთ, ახალ-ახალ მავნებლობებს იგონებენ. იმპიჩმენტიც გამოგონილი მავნებლობაა, რათა სტატუსის მიღება ჩააგდონ. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს თანხმობას აძლევდნენ, ხელს უშლიან. სალომე ზურაბიშვილი ქართულ საქმეს აკეთებს. მასთან ერთად ლიეტუვაში ვიყავი და ვამაყობდი, როგორ იცავდა საქართველოს პოზიციებს. მმართველი გუნდის წევრები ევროპაში რომ ჩადიან, ალბათ „ციგნის“ ბავშვები გამარჯობას არ ეუბნებიან, არათუ უმაღლესი თანამდებობის პირები.კატეგორიულად ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ. ამ თემის წამოწევა მავნებლობაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელი პარტიაა და მათ არც ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ადარდებთ და არც არაფერი, მათი გულწრფელობის არ მჯერა. კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ კონსტიტუციის აბჯარი, ფარი და მუზარადი არიან, ღიმილის მომგვრელია. მათთვის კონსტიტუცია ჩოხა-ახალუხია, რასაც თავიანთი დღის წესრიგით ხელახლა კერავენ ხოლმე. როგორც თავად აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. პრეზიდენტმა გრაფიკი მისცა და ეს ის ხალხია, ვინც ჩვენს ევროინტეგრაციაზე პასუხისმგებელია. რა იყო, საქართველოს მტრებს ხვდებოდა – ლავროვს თუ პუტინს? სწორი და ადეკვატური ვიზიტი იყო. ეს ვიზიტები რას ემსახურებოდა, სასეირნოდ მიდიოდა, დომინოს სათამაშოდ თუ ბადმინტონის? მიდიოდა, რათა ევროპელი ლიდერებისთვის ეთქვა, საქართველოს რატომ სჭირდება სტატუსი.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, 11 წელია, ეს ორი პარტია ერთმანეთს ეხმარება. ერთმანეთის მთავარი საყრდენი არიან. ახლაც დაეხმარებიან. სააკაშვილისთვის არც სახელმწიფო ინტერესია მნიშვნელოვანი, არც ევროინტეგრაცია, მისთვის მნიშვნელოვანი არის ციხიდან გამოსვლა და თავისუფალი სუნთქვა. ამისთვის ყველაფერზე წავა და ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.