ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შეივსო, თუმცა სჯობდა, ეს ადრე მომხდარიყო
საინტერესო დღეა, ძალიან საინტერესო. კარგია, რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო. სჯობდა, ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ელისაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„იცით, თებერვლის დასაწყისში შემოვედით მე და ლევან იოსელიანი, „ევროპელი სოციალისტების“ შემდეგ, დღეს 27 აპრილია და ამ ხნის განმავლობაში, ყველას არ ეხება, ჩემ ზურგს უკან ვინც ზის, ოპოზიციას ვგულისხმობ, მაგრამ ნაწილს ეხება, ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენ წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო. იმის გამო, რომ აქ შემოვედით, ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი, გარეთ რომ არიან, რა თქმა უნდა, იმათაც ვგულისხმობ სრულად. ჩვენ ამას ვითმენთ, ვიტანდით, რადგან ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცოდით, რომ ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. მეორე მიზეზი, რატომაც ვითმენდით იყო, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა და მხოლოდ ექვსი კაცი ოპოზიციიდან არ ვიქნებოდით ამ დარბაზში წარმოდგენილი, ამიტომ ვითმენდით.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე რომ მომხდარიყო ეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კი ბატონო, წარსულზე არ ვილაპარაკოთ, წინ ვიყუროთ, ქვეყანაზე ვილაპარაკოთ, ხალხზე ვილაპარაკოთ, ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთი რამ, რაც გამიხარდა, არის, რომ ზოგზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გლანძღავდა ამ თვეების განმავლობაში, უკან რომ დაჯდა, კარგია, ე.ი. ჰქონიათ მათ რაღაც ადამიანური, წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ და იმოტომ. ჰოდა, არავისთვის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ ჩვენ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით, წინ ვიყუროთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ. მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ქვეყანასთან და ჩვენ სინდისთან ვიყავით მართლები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.