ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ „გირჩის“ წევრები პარლამენტში შემოდიან, ცოტა გამიკვირდა, რომ ჩემგან საშვის დაშვება დასჭირდათ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ნაწილ-ნაწილ თუ ერთად, კარგია, რომ „გირჩის“ წარმომადგენლები პარლამენტში შედიან.
„შაყირობენ ახლა, ფაქტია, „გირჩის“ წევრები, თუ ლიდერები, რომლებსაც აქვთ მანდატი და ახლა ნაწილ- ნაწილ შემოდიან პარლამენტში, მაგრამ თვითონ პროცესი რომ შემოდიან, კარგია. ნაწილ-ნაწილ, თუ ერთბაშად, სხვა ამბავია, მაგრამ კარგია, რომ შემოდიან“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, „გირჩის“ არჩევანია, რა ფორმით იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში.
„მათი არჩევანია, მათი გადაწყვეტილებაა, მე რა უნდა ვილაპარაკო მაგაზე. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ. ყველა თავისებურად იღებს, მათ შორის „გირჩიც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება ელისაშვილის მიერ საშვის დაშვებას, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „გირჩის“ ლიდერების თხოვნა შეასრულა.
„მთხოვეს, რომ დამეშვა საშვი, მარტო „გირჩის“ ლიდერებზე კი არა, სხვებზეც, მოქალაქეებზე ვუშვებ საშვს. შემოვუშვი, ისედაც დეპუტატები არიან. წესით, ეკუთვნოდათ კიდეც. მე ცოტა გამიკვირდა, რომ ჩემგან საშვის დაშვება დასჭირდათ, მაგრამ მთხოვეს და დავუშვი, რა პრობლემაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმესა და საკითხთან დაკავშირებით ყველასთან ითანამშრომლებს.
„ცოტა ახირებული კაცი ვარ, ვინც გულზე არ მეხატება, იმასთან ურთიერთობაც ძალიან არ მინდა ხოლმე და არ მიყვარს, მაგრამ პარლამენტში არ შევსულვარ იმისთვის, რომ ვიღაცასთან ზურგით დავჯდე, ვიღაცას გავებუტო. ვინც ქვეყნისთვის კარგ რამეს იტყვის, ან დაიწყებს, შევუერთდები. ჩვენც თუ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში შემოგვიერთდება სხვა, არ გვექნება პრობლემა, რომ ეს ის არის, ეს ეს არის და ა.შ.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.