ალეკო ელისაშვილი - კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები დაიდგმება, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაბარდება
„ქართული ოცნება“ თუ ელექტრონულ სისტემას შეიძენს, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაბარდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები დაიდგმება, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნახევარ საათში შედეგები ყველამ იცოდა.
„ძველი საანგარიშოებითა და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა, არჩევნების შედეგებს მეორე დილამდე რომ ვერ თვლიდნენ ხოლმე. რუსთავსა და ბათუმში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციას არც ერთი საჩივარი არ დაუწერია, იმდენად ეფექტურია ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა. დასრულდება ის ეპოქა, როცა საანგარიშოებით ახრიგინებდნენ და ითვლიდნენ, ან ვერ ითვლიდნენ და იყო დიდი დავიდარაბა. თუ „ქართული ოცნება“ ელექტრონულ სისტემას შეიძენს, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაბარდება, რაც ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე.