ალეკო ელისაშვილი - კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად თუ ჩაერთვება და არ შემოიფარგლებიან მხოლოდ მაგიდაზე ახტომით
კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება და მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით, რეალურად ვიმუშავებთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი თავიდან ბოლომდე ამაო იყო.
„კარგია, რომ ბრუნდებიან. ის ბოიკოტი თავიდან ბოლომდე ამაო იყო, თან არ მესმის ბოიკოტის, ხელფასი რომ არ დაგექვითოს, მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ე.ი. მუშაობა გეზარება. ეს იყო სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბოიკოტი. სინამდვილეში, არანაირი ბოიკოტი არ იყო. კარგი იქნება, თუ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან და მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით, რეალურად ვიმუშავებთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს.
გასაგებია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი ამოცანაა, რაღაც მოახერხონ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ქვეყნის მთავარი ამოცანა არ არის. ამ ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემები აქვს – სიღარიბე, სიღატაკე, ვალები, უმუშევრობა და გაჭირვება, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ სააკაშვილია ციხეში გამოკეტილი. ხალხის რეალურ პრობლემებზე თუ მოვახდენთ კონცენტრირებას და მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ძალიან კარგი იქნება. თუ ისე გააგრძელებენ, როგორც აგრძელებდნენ ხოლმე, ცუდი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.