„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერ კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ალეკო ელისაშვილი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ კალაძეს საკუთარი გეგმა უნდა შესთავაზოს, როგორ უნდა მოგვარდეს ქალაქში სატრანსპორტო პრობლემა. ელისაშვილი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად მეტროპოლიტენის განვითარებასა და ვაგონების დამატებას მიიჩნევს.
ელისაშვილის თქმით, მზად არის, ქალაქის მერთან დებატებში ნებისმიერ ეთერში დაჯდეს.
„არაკომპეტენტურმა, გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა რეფორმამ შედეგად მოიტანა სატრანსპორტო კოლაფსი და ქალაქში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი გახდა. ვერც ფეხით, ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მით უფრო მანქანით ადამიანები ვერ გადაადგილდებიან. რადგან ვერ ხვდება, არ ჰყავს კომპეტენტური მრჩევლები და საკუთარი ძალისხმევითა და ნაბიჯებით აზიანებს ქალაქს, აწვალებს საკუთარ მოსახლეობას, ამიტომ მინდა მისი დებატებში გამოწვევა. ქალაქის მერს ვიწვევ ნებისმიერ არხზე დებატებში ტრანსპორტის თემაზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი და მუსაიფი მომენატრა, არამედ დავუსაბუთო, რომ ასე ამ ტაქსების რეფორმის გაგრძელების შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემა თავზე დაგვემხობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.