ალეკო ელისაშვილი - ირაკლი ბერაიას ძალიან ამაზრზენი საქციელი ჰქონდა, ან ბერაია თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ
ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას არ დატოვებს, კომიტეტის წევრობაზე თავად იტყვის უარს.
როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, ირაკლი ბერაიას ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე თანამდებობიდან წასვლით უნდა აიღოს.
„მეამაყებოდა, რომ კომიტეტის წევრი ვიყავი და მთელი სულით და გულით ვემსახურებოდი ჩემთვის წმინდა სფეროს. თუ ბავშვობიდან რამით ვარ აღტაცებული და თაყვანს ვცემ, თავდაცვის სისტემაა. ბერაიას პირველივე დღეს ვუთხარი, რომ კომიტეტში მივდიოდი არა პოლიტიკოსად და ოპოზიციონერად, არამედ იმისთვის, რომ თავდაცვის საქმეს ვემსახურო-მეთქი. ამ სიტყვას ვინახავდი. გუშინდელი დღის შემდეგ მრცხვენია, რომ ამ კომიტეტის წევრი ვარ. ირაკლი ბერაიას ძალიან ამაზრზენი საქციელი ჰქონდა. არ ვიცი, მის ტვინში სიტყვათა ეს წყობა როგორ მოიხარშა და ქალის მიმართ ასეთი რამე თქვა. მისი მხრიდან ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერს იძლევა, მისგან ბოდიში იმაში უნდა გამოიხატოს, რომ თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს. უმრავლესობა ამ საკითხს რაც უფრო გააჯანჯლებს, მით უარესი იქნება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობისთვის მიმიფურთხებია, ჯერ ვიბადებით კაცებად და ქალებად, დეპუტატებად და კომიტეტის თავმჯდომარეებად არ დავბადებულვართ. კაცს ჯერ ღირსება უნდა ახასიათებდეს, ამ ცხოვრებას ასე ვუყურებ. რაც ვნახეთ, უღირსობის მწვერვალი იყო. თანამდებობას ჩაბღაუჭებულია და გული მერევა ამ საქციელზე. ირაკლი ბერაია თანამდებობას უღირსად ჩაბღაუჭებულია. სხდომებს მშვიდად ვერ გავაგრძელებთ, რომ ნიჩურიტი და მორჩა ამბავი. ასეთი რამე როგორ თქვა? ან ბერაია თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ. ვერავინ მეტყვის, რომ ბერაია არ გამიფრთხილებია – სამი თვეა, ვეჩიჩინები თეონა აქუბარდიასთან ურთიერთობა გაარკვიოს. თეონა აქუბარდია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავდაცვაში ჩახედული ადამიანია და ძალიან კარგი დეპუტატი. ერთხელ იყო და სხდომიდან მანდატურებს გააგდებინა, როცა არაფერს აფუჭებდა. ახლა ბერაია ისევ აგრძელებს და აგრძელებს“, – აცხადებს ელისაშვილი.