ალეკო ელისაშვილი - იმუნიტეტი მოიგონეს, რათა ოპოზიციონერ დეპუტატებს მთელ მსოფლიოში ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, მოლაპარაკებების კარი მაინც დაიხურა, რაც ცუდია
ალეკო ელისაშვილი - იმუნიტეტი მოიგონეს, რათა ოპოზიციონერ დეპუტატებს მთელ მსოფლიოში ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, მოლაპარაკებების კარი მაინც დაიხურა, რაც ცუდია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უნდა დაელოდონ, თუ როგორ განვითარდება პროცესები ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ.

ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებმა“ პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს, რადგან, მისივე განმარტებით, იმუნიტეტი არსებობს იმისთვის, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, არ იყვნენ შეზღუდული საკუთარ ქმედებებში.

„არ ვიცი, ამის შემდეგ რას უნდა ველოდოთ. დაველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგი ვიყავით, ეს კენჭისყრაზე ნახეთ. აქ საუბარი არ არის კონკრეტულ სახელზე და გვარზე, აქ ვსაუბრობთ ფაქტზე, რისთვის არსებობს დეპუტატის იმუნიტეტი? ეს მოიგონეს იმისთვის, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მთელ მსოფლიოში ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და არ იყვნენ შეზღუდულები საკუთარ ქმედებებში. ვურჩიეთ „ოცნებას“, რომ ამ ქვეყანაში მუდმივი არაფერია, მხარი არ დაეჭირათ. ეს ყველაფერი სასიამოვნო არ იყო, მოლაპარაკებების კარი მაინც დაიხურა, რაც ცუდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფირდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.