ალეკო ელისაშვილი - გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს, „ლელოს“ პოზიცია აუხსნელი სიცანცარეა
გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია „აუხსნელი სიცანცარეა“.
„ვცდილობ, ოპოზიციონერი კოლეგები არ გავაკრიტიკო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ ხოლმე. „ლელოს“ პოზიცია აუხსნელი სიცანცარეა. სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი როცა ვიყავით, ყველა დახურულ შეხვედრაზე ვაშაძე, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ გვლანძღავდა, მანდ რა გინდათო, რის გამოც ევროკავშირის მხრიდან დიდი საყვედური მოისმინეთ. მათ ერთად მუშაობის რეკომენდაცია ჰქონდათ. „ნაცმოძრაობამ“ და ვაშაძემ სწორი დასკვნები გამოიტანეს, სამუშაო ჯგუფებში არიან, მაგრამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა „ლელომ“. ვაშაძე ამბობდა, სამუშაო ჯგუფებში არ შემოვალთ, „ოცნებასთან“ ერთად ყავის დალევა არ გვინდაო, მაგრამ დასხდნენ და ერთად მუშაობენ. „ქართულ ოცნებასთან“ ჯდომა კი არ გვიხარია. გუშინ ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვიყავით, სადაც გვითხრეს, რომ რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშაოს. ევროკავშირამდე ასე მივალთ, მინდა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს.