ალეკო ელისაშვილი - გული მისკდება, ხვალ რომ გავიღვიძებ და ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ის არ ეწეროს, რაც მინდა, ალბათ ინსულტით დამაწვენენ საავადმყოფოში
ცოტა მოვეშვათ და მეტი პატივისცემით შევხედოთ ეროვნულ მიზნებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქციის მსგავსად, მივა 20 ივნისის აქციაზე და ნებისმიერ შეკრებაზე, სადაც მოთხოვნა ევროინტეგრაცია იქნება.
„20 ივნისსაც მივალ და ყველა აქციაზე მივალ. ნათელაშვილმა რომ აქცია გამართოს, იმ აქციაზეც მივალ, თუკი იქ მოთხოვნა იქნება, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავს რომ დაგვესხნენ, ასე უნდა ვუყუროთ ერთმანეთს, იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები? ხოდა, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ აქ არის ძალიან დიდ ეროვნულ მიზანზე ლაპარაკი. გამსახურდია რომ დამოუკიდებლობას აცხადებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე ახლოს ვიქნებოდით ევროპასთან. ცოტა მოვეშვათ და მეტი პატივისცემით შევხედოთ ეროვნულ მიზნებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„გული მისკდება. ერთი ასეთი გულისხეთქვით ველოდებოდი, პირველი შვილი რომ მიჩნდებოდა და მეორე ამ ამბავს ველოდები. გული მისკდება, ხვალ რომ გავიღვიძებ და იქ ის არ ეწეროს, რასაც ვფიქრობ და რაც მინდა, არ ვიცი, ალბათ ინსულტით სადმე დამაწვენენ საავადმყოფოში, იმდენად მინდა. იმიტომ, რომ ვიმსახურებთ ამას. ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვიცავდით ევროპას და ამისთვის ტონობით სისხლი გვაქვს დაღვრილი, სულ მცირე. ურდოებმა რომ არ გადაუარეს ევროპას, ვენასთან და პრაღასთან რომ გაჩერდნენ, ჩვენი დამსახურებაა და რუსეთიც ახლა უკრაინის იქით რომ ვერ მიდის, მათ შორის ჩვენი დამსახურებაა. ასე რომ, არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მე ვიცი, ხვალ რა მინდა, მოვისმინო და 24-ში ეს დადასტურდეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, მიდის თუ არა 20 ივნისის აქციაზე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არანაირი აქცია რომ არ დაორგანიზებულიყო, მაინც მივიდოდა.
„კი. ერთი რომ პროტესტი მაქვს, რაც მოხდა 20 ივნისს. ის შეურაცხმყოფელი რამ, რაც ხდებოდა მაშინ, ჯერ გავრილოვის იქ დასკუპებით დაწყებული და მერე დარბევით გაგრძელებული. საერთოდ არანაირი აქცია დაორგანიზებული რომ არ ყოფილიყო, მაინც მივიდოდი. მაგრამ ისედაც მივალ, „შინ ევროპისკენ“ – ეს მინდა ზუსტად, ამას ვნატრობ მე, მივალ. ცუდია, ვინც ასე შეხედა, რომ იქ მივალ, აქ არ მივალ, ჯერ ჩემთან მოდი და მერე შენთან მოვალ. კარგით რა, ეს მეწვრილმანეობაა და ძალიან გულდასაწყვეტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.