ალეკო ელისაშვილი - გირგვლიანის საქმეზე მურმან დუმბაძის განცხადება ძალიან სამარცხვინოა, ეს იყო მისი მხრიდან ქუჩური გარჩევა
მურმან დუმბაძეებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიკედლებულებს, უკვირთ, რომ „ქართული ოცნება“ ათი წელია ხელისუფლებაში და ამ პოზიციების გამო, კიდევ დიდი ხანი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მურმან დუმბაძის განცხადება გირგვლიანთან დაკავშირებით ძალიან სამარცხვინოა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც დუმბაძე ამბობს: „მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს“.
„ძალიან სამარცხვინოა, რაც მურმან დუმბაძემ თქვა. ეს იყო მისი მხრიდან ქუჩური გარჩევა – ძმაო, სუფრასთან რომ არ მისულიყო, ესე არ მოქცეულიყოო. რას ნიშნავს მისი განცხადება? პოლიტიკოსი სამართლებრივ სახელმწიფოზე ლაპარაკობს თუ ქურდულ რაღაცებზე, დაუწერელ კანონებზე? ამის გამო ადამიანი უნდა წაიყვანო და აწამო, მოკლა? თუ გირგვლიანმა ყინვაში თავად გაიხადა და თავი მოიკლა? მურმან დუმბაძეებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიკედლებულებს, უკვირთ, რომ „ქართული ოცნება“ ათი წელია ხელისუფლებაში, ამ პოზიციების გამო კიდევ დიდი ხანი იქნება. სანდრო გირგვლიანთან და ირინა ენუქიძესთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს. პირიქით, მაია ნადირაძემ, – ვინ იყო ასეთი გირგვლიანიო, დუმბაძემ, – თურმე სუფრასთან ასე არ უნდა მიხვიდეო. ათი წელია, „ქართული ოცნება“ მურმან დუმბაძეებსა და მაია ნადირაძეებზე დგას. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ფერის ერთი შინაარსის პარტიები არიან. ხელისუფლებისთვის იდეალურია, რასაც დუმბაძე ამბობს. ქვეყანა ცოდოა ასეთი ადამიანების გამო. როგორც ჩანს, მურმან დუმბაძემ გადაწყვიტა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს, რათა ხელისუფლებაში კიდევ დიდი ხანი იყოს. სუფრაზე თუ ვინმეს რამეს ეტყვი, სპეცრაზმმა უნდა წაგიყვანოს და გცემოს? მურმან დუმბაძეს ენაზე ვინმე ექაჩებოდა?“ – განაცხადა ელისაშვილმა.