ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძე ხომ არის ლომი და ვეფხვი, დაწეროს ლომებრ პუნქტები
წესით, გიორგი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს რაღაცებში. რასაც ხელი მოვაწერეთ, კანონი და კონსტიტუცია კი არ იყო, ღია ტექსტი, მემორანდუმია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.
მისი თქმით, ვაშაძეს შეუძლია, უკეთეს დოკუმენტზე იმუშაოს მმართველ გუნდთან.
„ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ „ქართულ ოცნებას“ და თუ გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას ემუშაოს, უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს არის ღია დოკუმენტი, კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ და არ შეიცვლება. ასეთი განცხადებები სასაცილოა და სევდიანი საყურებელია. თუ ჩვენზე მაგარია, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და ამბობს, არ ვარგაო. ხომ მაგარია? ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი? დაწეროს, ლომებრ პუნქტები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბარიერის დაწევა არ არის საკითხი, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს შეწყვეტენ. მისივე თქმით, მემორანდუმში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან გააფორმა, დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი საკითხები, რომლებზეც ოპოზიცია შეთანხმდა.