ალეკო ელისაშვილი - გიორგი მარგველაშვილის განცხადება გამაოგნებელია, ქართველ კაცს პირიდან როგორ უნდა ამოგივიდეს, რომ ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებსო
ალეკო ელისაშვილი - გიორგი მარგველაშვილის განცხადება გამაოგნებელია, ქართველ კაცს პირიდან როგორ უნდა ამოგივიდეს, რომ ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებსო

გიორგი მარგველაშვილის განცხადება ჩემთვის ძალიან გამაოგნებელია, პოლიტიკა პოლიტიკაა, ვიღაცა გულზე გეხატება, ვიღაცა – არა, მაგრამ ჯარს ყველამ თავი დაანებოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების, ვინც დღედაღამ მსახურობს და ქვეყნის სადარაჯოზე დგას. თან მათ შეურაცხყოფას აყენებს ყოფილი მთავარსარდალი. როგორ შეიძლება ისეთი რამის თქმა, რომ ცოტა ხანში ქართული ჯარი რუსეთის მხარეს იბრძოლებს? ეს პირიდან ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს? მით უმეტეს, ასეთი სიტყვები როგორ უნდა თქვას ყოფილმა მთავარსარდალმა და ყოფილმა პრეზიდენტმა?

არ ვიცი, ადამიანი იმაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს, რომ ქართულ ჯარზე თქვას ასეთი რამ. რომ წავიკითხე მარგველაშვილის ნათქვამი, თვალებს არ ვუჯერებდი. „ალტინფოში“ რომ ვიღაც სალახანები სხედან, ასეთ რამეს ისინიც არ ამბობენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.