ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რატომ ამბობს უარს მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, რაკი არ უნდა, მაშინ ამნისტია უნდა გამოცხადდეს, ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა
ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რატომ ამბობს უარს მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, რაკი არ უნდა, მაშინ ამნისტია უნდა გამოცხადდეს, ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა

ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ყველას ვთხოვ, ყველამ ჩვენს თავში კომპრომისი მოვძებნოთ და ემოციები მოვთოკოთ. ეს შემოთავაზებულია ევროკავშირის მიერ, რათა კრიზისი განიმუხტოს და სიტუაცია დამშვიდდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, ნიკა მელია რატომ ამბობს უარს შეთავაზებაზე, რომ გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან მოხდეს.

„ევროკავშირმა შემოგვთავაზა, რაკი, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი მძაფრად იდგა, ასეთი სამართლებრივი მექანიზმი მოძებნილიყო. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი და მარტივი მექანიზმია გირაოს თანხის ევროკავშირის მიერ გადახდა. გაუგებარია, რატომ ამბობს ამაზე მელია უარს. ამით არავის ღირსება არ შეილახება და სიტუაცია განიმუხტება. რაკი არ უნდა, მაშინ ამნისტია უნდა გამოცხადდეს – ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა. ამნისტია ვიღაც პოლიციელის გათავისუფლების მიზნით „ქართული ოცნების“ ხრიკი კი არ არის, ეს არის ევროკავშირის შემოთავაზება. ნუ ავუკრავთ ხელს ევროკავშირს. უფრო უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, რადგან გაჯიქებით და გაჯიუტებით არაფერი გამოვა. გირაოს თანხის არგადახდა უცხოელებისათვის აბსოლუტურად გაუგებარია. იდეალურია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გზა, რომ გირაოს გადახდა ევროკავშირის მიერ მოხდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.