ალეკო ელისაშვილი - სახალხო მოძრაობამ რა უნდა ქნას, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბომბდამშენით შემოაფრენს, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში ამოვლენ
რთული წარმოსადგენია, სახალხო მოძრაობამ რა უნდა ქნას, საზღვარი უნდა გაარღვიოს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? – ეს ყველაფერი ცოტა იუმორისტული ჟანრია – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა.
ელისაშვილის თქმით, თაკო ჩარკვიანს და ყველას კანონის ფარგლებში უფლება აქვთ, თუ უნდათ სახალხო მოძრაობა ან სახალხო ლაშქარი შექმნან, მაგრამ საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას ციხე ელოდება.
„რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით-მზისით სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა ისევე, როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რონ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა. სააკაშვილს ამ ბრალის გამო, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. „პიჯაკების საქმე“ არის საღლიცინო და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ ჩამოვიდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.