ალეკო ელისაშვილი - გაცილებით ეფექტური იქნება ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა იყოს, ნაცარს კი არ ვქექავდეთ, არამედ რეალურად გამოვიძიოთ
გაცილებით ეფექტური იქნება ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პროკურატურა ჩანაწერების შინაარსით არ ინტერესდება, ნიშნავს რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული იქნება.
„გასაგებია, რომ არანაირი გამოძიებაც არ იქნება. პირველი, რაზეც წესით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს, არის ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, როდის არის გაკეთებული და ჩანაწერის მონაწილე პირები – ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჩუბინიძე იმ დროს იკავებდნენ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები. შინაარსსა და ავთენტურობაზე გამოძიება რადგან არ დაიწყო, გასაგებია, რომ ეს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება, ანუ ისეთი, როგორსაც პროკურატურა ატარებს ხოლმე. სწორედ ამიტომ ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვამბობთ, რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა და იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით. გავიმეორებ მოწოდებას, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისადმი“ – წესით, მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოვიძიოთ რეალურად, სადღაც კი არ ვმარჩიელობდეთ ან ნაცარს კი არ ვქექავდეთ სტუდია-სტუდია. სტუდიაში განხილვებზე მეტად, კვალიფიციური გამოძიება გვჭირდება – ნამდვილი ჩანაწერია თუ არა, როდის არის გაკეთებული, იმ დროს ღარიბაშვილი და ჩუბინიძე იკავებდნენ თუ არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს და შესაბამისად, ამ თანამდებობებს იყენებდნენ თუ არა პოლიტიკური ზეწოლისთვის, დევნისთვის და შანტაჟისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება ექსპერტიზა, ელისაშვილმა აღნიშნა: „სამხარაულის ექსპერტიზის ალბათ, თვითონ შოთაძესაც არ სჯერა“.
საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.