ალეკო ელისაშვილი - ფაქტია, რომ პარლამენტში შემოვლენ, აბა, სხვაგან სად წავლენ
ფაქტია, რომ პარლამენტში შემოვლენ, აბა, სხვაგან სად წავლენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიმდინარეობს და ძალიან ცოტა შეუთანხმებელი საკითხი დარჩა.
„რა ინფორმაციასაც ვფლობ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების დაახლოება საკმაოდ ინტენსიურად მიდის. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ?! თავიდან ისე წარმოაჩენდნენ, არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო დავახურდავეთ, გავყიდეთ 30 ვერცხლად. ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ყველაფერს მიხვდება. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა”, – განაცხადა ელისაშვილმა.