ალეკო ელისაშვილი - არ მომეწონა გაშმაგებული თავდასხმა და ფეხების შეწმენდა ამ ადამიანებზე, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუჭირეს მხარი
ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით რეალური კონსულტაცია არ უნდა, ისევე როგორც არც თავისუფალი და დამოუკიდებელი ხალხი საბჭოში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ, ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა.
„როგორც ჩანს, შეთანხმება ჰქონდათ დახურულ კარს მიღმა გარკვეულ საკითხებზე, რისი შედეგებიც ვიხილეთ. ეს იყო გარიგება და რის ფასად და რის საფასურად, არ ვიცი, მაგრამ არ მომეწონა ის გაშმაგებული თავდასხმა და ფეხების შეწმენდა ამ ადამიანებზე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ტექნიკურად არ გამოვიდა ლამაზად. მათ რომ ეთქვათ, მხარს დაუჭერდნენ კანდიდატებს, პირადად ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ჩემთვის გუშინდელი გაშმაგებული ლანძღვა და თათხვა მიუღებელია, უბრალოდ, ეს ყველაფერი არასწორი ფორმით გაკეთდა. ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, თუ ისინი მხარდაჭერის თაობაზე კენჭისყრამდე იტყოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.