ალეკო ელისაშვილი „ევროპულ საქართველოზე“ - თავი ძალიან მაგრები ეგონათ და დარჩნენ პირდაღებულები, იმიტომ არიან გამწარებულები, ყვირიან, ურევენ ყველაფერს, ესიზმრებათ რევოლუცია და არეულობა
თუ შევთანხმდებით, ჩვენ შევალთ პარლამენტში, არც გიგი უგულავასი მომერიდება და არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის არც ერთი ლიდერის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ელისაშვილი „ერთი ფეხით პარლამენტშია“, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა განაცხადა, რომ უგულავას არავინ არაფერს ეკითხება და „ევროპული საქართველოს“ ყველა ლიდერს დებატებში იწვევს.
„გიგი უგულავას არავინ არაფერს ეკითხება და ერთი, ენას კბილი დააჭიროს. გამოდის ეს დღეები და გატლეკილა, ეთერ-ეთერ მძვინვარებს და გულზე მჯიღს ირტყამს. ახალი წლის დღეებია და თავს ნუ მალანძღინებს. თუ მაგრები არიან, სადმე ეთერში დამიჯდნენ დებატებში უგულავა, ბოკერია და მთელი მაგათი რაზმი ნებისმიერ დროს. ცალ-ცალკე აქვთ დიდი გული და არიან ასე. უგულავა და უგულავასნაირი გადმონაშთი პოლიტიკოსები თავისი ჯიბის, თავისი პარტიის ინტერესს იქით ვერაფერს ხედავენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე შეთანხმდებიან, მაშინ მისი პარტია შევა პარლამენტში.
„ჩვენ ვუყურებთ ამ საქმეს სახელმწიფოებრივად. თვე-ნახევარი ვიჩხუბეთ, ვიბრძოლეთ, ბრძოლაშიც თავი არ დავზოგეთ, ბოიკოტშიც თავი არ დავზოგეთ. მოლაპარაკებებზეც რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვაწვებოდით „ქართულ ოცნებას“. ამ დიდი ბრძოლის შედეგი უკვე იქ დევს. ოთხივე საკითხზე უკან ვახევინებთ „ქართულ ოცნებას“. ეს უკან დახევა არის სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც იქ დევს, პოლიტპატიმრების გარდა, არის საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, ეს შეგვიძლია, წამოვიღოთ. თუ ამაზე შევთანხმდებით, მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში და არც გიგი უგულავასი მომერიდება, არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის არც ერთი ლიდერის, ყველა ლიდერი გარეთ რომ დარჩა, თავი ძალიან მაგრები რომ ეგონათ, არიქა და კრამიტებს დაამტვრევდნენ და დარჩნენ პირდაღებულები. იმიტომ არიან გამწარებულები, ყვირიან და ურევენ ყველაფერს. ესიზმრებათ რევოლუცია, მღელვარება და არეულობა“, – აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა.