ალეკო ელისაშვილი - „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ვერსია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რაღაც ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება ან კორონავირუსის და სიღარიბის გამო ხალხი გამოვარდება ქუჩაშიო
ოპოზიციის მოლაპარაკებებისას ერთი ვერსია იყო, რომ იანვარში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რაღაც ჩვენ სასიკეთოდ შეიცვლება, „ევროპული საქართველოს“ ხალხი იყო ძირითადად პასუხის გამცემი, ამაზე დავცინეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მთავარი კითხვა, რაც იყო ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს, გამოგყვებით არ არის პრობლემა, რადგან ბრძოლაშიც ვიყავით წინა ხაზზეც არ არის პრობლემა, დავხიოთ მანდატები, როგორც „ევროპულ საქართველოს“ უნდოდა და ამაში „ლელოც“ უჭერდა მხარს, მერე რა მოხდება ღმერთმა უწყის. ვდგავართ ბოიკოტის რეჟიმში, ვხევთ მანდატებს, არც ერთი არ შევდივართ პარლამენტში, ვშლით მოლაპარაკებას და ვართ ქუჩაში. ვეკითხებოდი, მერე რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს, როგორც ვამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და როგორ მოვიპოვებთ უკეთეს ქვეყანას. ერთი ვერსია იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეიცვლება იანვარში და რაღაც ჩვენ სასიკეთოდ შეიცვლება, „ევროპული საქართველოს“ ხალხი იყო ძირითადად პასუხის გამცემი. ამაზე დავცინეთ რა თქმა უნდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ვერსია იყო, რომ ისეთი ზამთარია, მღელვარება აუცილებლად იქნებოდა და ხალხი ქუჩაში გავიდოდა.
„იყო საუბარი, რომ უმუშევრობის, სიღატაკისა და კორონავირუსის გამო, ხალხი ქუჩაში გამოვარდება, ამაზე ჩვენ გვქონდა საშინელი რეაქცია. ვისაც უნდა, ამ მღელვარებისა და რევოლუციის ტალღას მოაჯდეს, ჩვენ ვიქნებით იმის მოსისხლე მტრები. ამაზე საუბრობდა „ევროპული საქართველო“, რომელიც სინამდვილეში არის ბნელი საქართველო. ვეუბნებოდით, კარგი არ გამოვიდა ხალხი და მღელვარება არ იყო, მერე რას ვაკეთებთ? მერე მოდის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე? მათი პასუხი იყო, რომ გავდივართ. ვეუბნებოდი, გვხვდება იქ თამარ ჟვანია და ჩვენ თავჩაქინდრულები გავდივართ? გავდივართ. ვეუბნებოდი, პარლამენტს თუ უცხადებ ბოიკოტს, საკრებულოს არჩევნებზე როგორღა გადიხარ, როცა იცი, რომ მეორე დღეს ისევ უნდა გამოხვიდე, ისევ ელჩებთან უნდა მიხვიდე. „ევროპული საქართველო“ იყო ამ პოზიციის მომხრე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.