ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირის რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს იქნება ბოროტება ჩვენი სახელმწიფოსა და შვილების მომავლის წინაშე
ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირის რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს იქნება ბოროტება ჩვენი სახელმწიფოსა და შვილების მომავლის წინაშე

ყველა უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამდეთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელიდან არ გავუშვათ, რადგან ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დადგება, ღმერთმა უწყის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკავშირის მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს.

„განცხადებაში საკმაოდ ხაზგასმულად, პირდაპირ და არაორაზროვნად წერია, გადაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, შეამოწმებინეთ შესაბამისობა და შემდეგ მიიღეთო. ამ მოწოდებას ყური უნდა დაუგდონ „ქართულმა ოცნებამაც“ და პარლამენტმაც, რადგან თუ ეს ან ნებისმიერი პუნქტი ჩავარდება, სტატუსს ვერ მივიღებთ. ახლა ყველა უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამდეთ, რომ სტატუსი ხელიდან არ გავუშვათ, რადგან ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დადგება, ღმერთმა უწყის. ახალი ტალღა დადგა არა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მქადაგებელი და განმახორციელებელია, არამედ ეს მომენტი დადგა უკრაინის თავგანწირვის გამო. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს. თუ არ გავითვალისწინებთ ევროკავშირის რეკომენდაციებს, ეს იქნება ბოროტება ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“.