ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირი საქართველოს დახმარებას თუ უცხადებს, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უყვარს, ეს არის საქართველოსა და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა
ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირი საქართველოს დახმარებას თუ უცხადებს, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უყვარს, ეს არის საქართველოსა და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა

ამ დახმარების თაობაზე იმ ტვინარეული ხალხის გასაგონად უნდა ვთქვათ, ვინც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და ყიჟინა დასცხეს, გეგონებოდათ, ცხინვალი და სოხუმი დაიბრუნეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რამდენად მიზანიმართულად დაიხარჯება აღნიშნული თანხა.

„ევროკავშირი და ამერიკა რომ არ იყვნენ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჯერ კიდევ ხორბალს რომ უფასოდ გვაძლევდნენ, პურის ქარხნები რომ არ მუშაობდა და პური არ იყო, ამ წლების განმავლობაში მათი დახმარება რომ არ ყოფილიყო, შიმშილით დავიხოცებოდით და ახლაც იგივე ბედი გველის. ვიდრე ვიღაცები გულზე მჯიღს დაირტყამენ და ევროკავშირის დროშას ეცემიან, უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით გვიდგას სული. ეკონომიკა ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ფუნქციონირებს, ერთი ნორმალური საწარმო არ არის და სრულად დამოკიდებული ვართ დახმარებაზე. ამიტომ, ცოტა მეტი ჭკუა უნდა დავაყოლოთ ჩვენს ქცევებს და ქმედებებს. ახლა მეორე ტიპის ამოცანაა, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯება ეს თანხა.

გამადიდებელი შუშით უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა, რომ ეს თანხა მოხმარდეს არა მინისტრებისა და ჩინოვნიკების აგარაკების აშენებას და ფუფუნებას, ჯიპებით სეირნობას, არამედ მოხმარდეს იმას, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და ხალხმა შვება იგრძნოს. თუ ევროკავშირი საქართველოს დახმარებას უცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უყვარს და არ სძინავს მისი სიყვარულით, ეს არის საქართველოსა და თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა. არ ვიცი, ეს არ მოგწონდეს და გესიზმრებოდეს, რომ როგორმე, საქართველოს სანქცია დაუწესონ, რადგან ქვეყნისთვის დაწესებული სანქცია იქნება თითოეული ჩვენგანისთვის დაწესებული და არა „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.