ალეკო ელისაშვილი - ეროვნული თანხმობის პროცესს ვგულშემატკივრობ, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა
პარტია „მოქალაქეების“ წევრ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ეროვნული თანხმობის თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალიახმევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს.
„ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და მისი მხარდამჭერი ვართ, რადგან ლოგიკურად ალტერნატივა რა არის? – ეროვნული თანხმობა და დაპირისპირება, პოლარიზება და სიძულვილი, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, თანხმობა სჯობს. ეს პროცესი რთულად მიდის. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, ან რა იქნება ამის შემდეგ, არ ვიცი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა თანხმობაზე საუბარი არ არის. მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს არ სურს, ხელი ჩაიქნიოს, რადგან მნიშვნელოვანი საქმეა და ამას შეეჭიდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ამ პროცესს გულშემატკივრობს, მაგრამ სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ეროვნული თანხმობა მიიღწევა.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.