ალეკო ელისაშვილი - ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის
მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.
ელისაშვილმა ხელმოწერისას ფასილატორ ელჩებს და მედიატორებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვეტყვი ელჩებს უზარმაზარი შრომისთვის, გარჯისთვის და საქართველოს ასეთი თანადგომისთვის. მადლობას ვეტყვი პრეზიდენტ მიშელს საქართველოს თანადგომისთვის და ბატონ დანიელსონს, რომელმაც ასევე არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო. მე წარმოვადგენ პარტია „მოქალაქეებს“, ორნი ვართ ამ პარტიიდან წარმოდგენილი პარლამენტში და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, შევედით პარლამენტში და ამის გამო უზარმაზარი ნიაღვარი სიძულვილის და ზიზღის დავიმსახურეთ, მაგრამ დღევანდელი დღეც, დღევანდელი შეთანხმებაც ადასტურებს, რომ ჩვენი ოპოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და აბსოლუტურად მტკიცე. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ გაცილებით უფრო რთულ ბრძოლაში შევიდეთ ისევ და ისევ უკეთესი საქართველოსთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.