ალეკო ელისაშვილი - დღეს აქ ყველა ერთი დიდი პარტიის, ჩვენი სამშობლოს წევრები ვართ, რომლისთვის ბრძოლაც ღირს და აქ დგომაც
დღეს სახლში დავტოვეთ ჩვენი პარტიები და აქ ყველა ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ. ეს პარტია ჩვენი სამშობლოა, რომლისთვისაც ბრძოლაც ღირს და აქ დგომაც, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე მისვლით ყველა ადამიანი ადასტურებს, რომ მათ ძარღვებში წინაპრების სისხლია, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა.
„საპროტესტო აქციაზე წამოსვლამდე, სახელისუფლებო ტელევიზიებს თვალყურს ვადევნებდი. თითქოს უნდათ, სახლში დაგვტოვონ და ჯიუტად ამბობენ: – ამ პარტიის აქციაა, მარტო იმ პარტიის ხალხია. დღეს სახლში დავტოვეთ ჩვენ ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ. ეს პარტია ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლოა, რომლისთვისაც ბრძოლაც ღირს და აქ დგომაც. ეს ქვეყანა ღარიბია, 30 წელია, ფეხზე ვერ დავდექით, ფეხში ვერ გავიმართეთ და თავი ისე ვერ ავწიეთ, როგორც გვეკადრება, მაგრამ აქ მოსვლით ყველა ვადასტურებთ, რომ ჩვენს ძარღვებში ჩვენი წინაპრების გაუტეხელი სისხლია, არაფერს რომ არ ეპუებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, იმ კაცმა გაიგოს, ქართველები არ გადავშენებულვართ, ჩვენში თავისუფლების სიყვარული ძგერს“, – განაცხადა ელისაშვილმა.