ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონი ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა, მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ მოხდება რამდენიმე ადამიანის ოლიგარქად აღიარება
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა.
ელისაშვილის თქმით, მართლმსაჯულების ნორმალური სისტემის მოქმედების შემთხვევაში, სპეციალური კანონების მიღება საჭირო აღარ იქნება და ავტომატურად გამოირიცხება, ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას.
„უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება. პირველ რიგში მათი, ვინც ოპოზიციას აფინანსებს და იმ მდიდრების, ოპოზიციაში რომ არიან, მეტი არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ მართლმსაჯულების ნორმალური სისტემა გვექნება, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კანონპროექტი დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილსა და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიებისა და მედიის დაფინანსებას“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.