ალეკო ელისაშვილი - დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, მიგვიღეთო, გვითხრეს, რომ პოლარიზაცია შეამცირეთ, ზიზღს ნუ აფრქვევთო და რა ვნახეთ პარლამენტში, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი?
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა ფაქტი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ელისაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ზიზღის, სიძულვილის ენა ანადგურებს ქვეყანას.
„სიმართლე გითხრათ, მე და ალექსანდრე რაქვიაშვილი ვფიქრობდით, ავმდგარიყავით და წავსულიყავით, რადგან თუ რაიმე ანადგურებს ქვეყანას, არის ის, რასაც ახლა ვუყურებდით ორმხრივად. იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, მიგვიღეთო, გვითხრეს, რომ პოლარიზაცია შეამცირეთ, ზიზღს ნუ აფრქვევთ ერთმანეთის მიმართო, და რა ვნახეთ აქ? გვაქვს დრო, ვთქვათ ყველაფერი, რაც გულში გვიდევს, მაგრამ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ, შეიძლება ასე ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა, თუ ვართ იმ სამეულში, ასრულდება თუ არა ჩვენი წინაპრების ნატვრა. ისტორიული მომენტი გვიდგას წინ. 3 000 წლის განმავლობაში, რაც საქართველო არის სახელმწიფო, ასეთი მომენტი არასოდეს გვქონია და რასაც 10 წელია ისედაც ვუსმენთ, ვუყურებთ, ამის გამო შეიძლება დავკარგოთ ეს ყველაფერი? არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომეწონა არაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერს რამდენიმე კითხვითაც მიმართა.
„ყველაფერი ოპოზიციას დააბრალეთ, ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რატომაც გვითხრეს უარი. ერთი რამ შეგიძლიათ, გვითხრათ, რაც ვერ გააკეთა მთავრობამ და რის გამოც დაგვახარვეზეს? მეეჭვება, ხაზარაძის გამო ეთქვათ, რომ დეოლიგარქიზაციააო. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი გიყვართ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არის. მარტივად რომ გვითხრათ, ერევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? კეზერაშვილს რომ ამბობთ, კი, ჯარი გაძარცვა, იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი, ნარკოტიკებმიღებული დარბოდა ომის დროს და ასეთი კაცი 10 წელი რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით, აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ? 300 ათას კაცს რომ აქვს ციხე გამოვლილი სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის მოსამართლეები და პროკურორები რატომ დააწინაურეთ? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება თქვენი ხელისუფლებისადმი. მურუსიძე ლევანი, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ დააწინაურეთ? ჩინჩალაძე და კიდევ სხვები, არ ვიცი, რამდენი არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.